ქართული ენა და ლიტერატურა სტანდარტი

I კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები


                                                             მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.


ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვა.

ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,  ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.

ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.

ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.

ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.

ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.

ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.





წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
·         უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
·         მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);     
·         ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის  ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).


ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
·         მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·         წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით  გადმოსცემს ფაქტებს.


ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
·         თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს.


ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
·         ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·         იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.


 ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
                    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·         მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
·         მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით ½½ და ა.შ.);
·         ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·         მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი: ________ ________   ___________);
·         სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
·         განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
·         სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).


მიმართულება: კითხვა

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
·         ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·         ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
·         ცნობს ანბანის ყველა ასოს.


ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[2]

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.


ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ.,  ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.)  წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
·         იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს   (მაგ., მითითებების მიხედვით ამზადებს დეკორაციას, დესერტს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.


ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·         სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს, რომლებიც წაკითხული / მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს ეხმიანება და ხსნის, რატომ აირჩია ესა თუ ის ნივთი;
·         ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების, აღძრული გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით (ფოთლები, ყვავილები, ხის ტოტები და ა.შ.);
·         ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
·         სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს / მოთხრობას / ლექსს.


ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხვისას წიგნს დაიკავებს  სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·         კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
·         ფორმალური ნიშნების მიხედვით (მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და ა. შ. მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო წიგნს, ჟურნალს;
·         განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·         განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ  ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).


ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·         ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას,  სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).


მიმართულება: წერა

ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის  სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და  ა.შ.);
·         ჰაერში ხელის სწორი მოძრაობით  გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·         ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
·         იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.

ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს მანძილს ასოებს შორის;
·         ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
·         კარნახით წერს ასოებს, მარცვლებს, სიტყვებს;
·         მოცემული ბგერებით ადგენს სიტყვებს ზეპირად და შემდეგ წერს;
·         დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. 

ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
·         სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
·         წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
·         სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.

ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოდელის მიხედვით ქმნის და აფორმებს სხვადასხვა სახის ყოფით ტექსტებს (მისალოც ბარათს, საყვარელი კერძების მენიუს, გამაფრთხილებელ აბრას და სხვ.);
·         ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
·         წარწერას უკეთებს ილუსტრაციას.


პროგრამის შინაარსი


შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1.    ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა: ბგერა და ასო; მარცვალი. კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება; მარტივი წინადადების აგება; თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებების ინტონაციის გამოხატვა; წინადადება - დასრულებული აზრი.

2.     ენის  კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: მოსმენისა და საუბრის წესები; თავაზიანი მეტყველება; მეტყველების ეტიკეტური ფორმები (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა, თხოვნა); სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაცია (ჟესტები, მიმიკა, ხმის დონეები, ინტონაცია); წერილობითი ტექსტის გრაფიკული სტრუქტურა: ტექსტი, აბზაცი, სტრიქონი, წინადადება, განსხვავებული ტიპის შრიფტები, ილუსტრაციები. ტექსტი, სათაური, ავტორი.

3.    მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: მცირე ზომის ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ცხოველებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ადამიანისა და ბუნების  ურთიერთობაზე.
საკითხავი მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები; მცირე ზომის ფოლკლორული ტექსტები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები; ქართული და უცხოური საბავშვო კლასიკა და თანამედროვე მწერლების ზღაპრები, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.




[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა – მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. თუკი მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატი, ანუ სიტყვის შემადგენელი ასოების მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.
[2] გაშიფვა – გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან;  ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.

Комментариев нет:

Отправить комментарий